დარღვევები საბავშვო ბაღებში

2023-10-17 13:42:40

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლო 2 წელში 3156 საბავშვო ბაგა-ბაღი შეამოწმა, სამართალდარღვევების გამო გამოწერილმა ჯარიმამ 47 710 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამართალდარღვევების სახეებს, როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსების გამო 9 დაწესებულება დაჯარიმდა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 22 სუბიექტი, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის გამო 6 დაწესებულება.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022-2023 წლებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელა 3156 საბავშვო ბაგა-ბაღში; გამოვლინდა 97 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე) დაჯარიმდა 22 სუბიექტი; სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო - 2 ბიზნესოპერატორი (მუხლი 73); არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო - 48 (მუხლი 66-ის პირველი ნაწილი); ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსების გამო - 9 (მუხლი 67-ის პირველი ნაწილი); მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისათვის - 8 (მუხლი 66 -ის მეექვსე ნაწილი); არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო - 2 (მუხლი 66-ის მეორე ნაწილი); კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის გამო - 6 (მუხლი 66-ის მესამე ნაწილი). ჯარიმის თანხამ შეადგინა 47 710 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სკოლებს, ბოლო 2 წელში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 389 სკოლა სკოლა შეამოწმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 74 სკოლის ბუფეტი დაჯარიმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, ჯარიმის თანხამ 36 600 ლარი შეადგინა.