დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.
"2023 წლის 5 ივლისს, „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას აცნობა, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების პროცესში კონკრეტული სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, თუ როგორი მეთოდებით უნდა მომხდარიყო გვამიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღება და როგორ პირობებში უნდა შენახულიყო ბიოლოგიური მასალები, მტკიცებულების დაზიანების/განადგურების თავიდან ასაცილებლად.
საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე.
„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.