“კარგი საწარმოო პრაქტიკის - GMP” სერტიფიკატის მქონეთა რიცხვს მეოთხე ფარმაცევტული კომპანია “ბიოქიმფარმა” შეუერთდა.
საწარმოო და სადისტრიბუციო სტანდარტების - GMP და GDP - დანერგვა ქვეყანაში გასული წლის ივნისიდან გახდა სავალდებულო, ფარმამწარმოებლებს კი სერტიფიკატების მოსაპოვებლად ვადა წლის ბოლომდე ჰქონდათ, ვიდრე იმ კომპანიების პროდუქციის რეალიზაცია აიკრძალებოდა, რომლებმაც GMP და GDP სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს.
რა ვითარებაა ფარმაცევტულ სექტორში და როგორ ოპერირებენ კომპანიები აკრძალვის შემდეგ - საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან გოგიბერიძე საუბრობს.
“GMP სტანდარტების დაკმაყოფილება მარტივი არ არის, რის გამოც, აღნიშნული სერტიფიკატი მხოლოდ 4 კომპანიას აქვს და, ჩვენი ინფორმაციით, მის მისაღებად კიდევ ორი საწარმო ემზადება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ამ პროცესს. სამწუხაროდ, ვიდრე სტანდარტების სავალდებულო დაკმაყოფილება დაინერგებოდა, 51 ფარმაცევტული წარმოება ოპერირებდა, დღეს კი მათგან მხოლოდ 4-ს აქვს სტანდარტი დანერგილი, დარჩენილი 47 კომპანიის ბედი თავად მათზეა დამოკიდებული.
35-მდე კომპანიაა, რომელმაც საერთოდ შეაჩერა მუშაობა, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა ადგილობრივ ბაზარზე. გაჩნდა მათი პროდუქციის დეფიციტი, რაც შემდეგ იმპორტით ანაზღაურდა. ადგილობრივი წარმოება ისედაც დაბალფასიან სეგმენტზეა მორგებული და ფართო მოხმარების პროდუქციას უშვებს, რის გამოც, ერთი პერიოდი წყალბადის ზეჟანგზეც კი იყო დეფიციტი”, - ამბობს ლევან გოგიბერიძე.
ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებმაც საწარმოო ოპერირება არ შეწყვიტეს, სტანდარტების დანერგვის პროცესს ჩაეხსნენ და უნიკალური ნიშა შექმნეს.
“წვრილი კომპანიებისთვის აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება, ფინანსებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. გარკვეული კომპანიები, რომლებიც პარასამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური პროდუქციის წარმოებაზე მუშაობდნენ, პროგრამას ჩაეხსნენ და ცალკე ნიშა შექმნეს, რაც მისასალმებელია, რადგან ისინი უნიკალური საწარმოები არიან.
GMP და GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ასოციაციის თხოვნა ყოველთვის იყო, რომ ეს ეტაპობრივად მომხდარიყო და არა ერთი ხელის მოსმით. ამჟამინდელი კანონმდებლობა კი ცალკე ნიშის ჩამოყალიბებას არ ზღუდავს, აღნიშნული კომპანიები კი ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ქოლგის ქვეშ ოპერირებენ”, - ამბობს ლევან გოგიბერიძე.
GMP სტანდარტი საქართველოში “ბიოქიმფარმასთან” ერთად “ავერსი რაციონალს”, “ჯი ემ ფარმასა” და “აბიფარმას” აქვთ. აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატების მოთხოვნა ექსპორტიორ კომპანიებს არ ეხებათ, რომლებსაც ნაწარმის საზღვარგარეთ გატანის უფლება, სტანდარტების დანერგვის გარეშე, 2025 წლამდე აქვთ.