თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, "თბილისობა" 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. 30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაც.
"ამ კვირის უქმეებზე 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ თბილისობას, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება აღნიშნულ დღესასწაულის, ეს არის ჩვენი ქალაქის, ჩვენი ულამაზესი თბილისის დღეები. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი თბილისობის ღონისძიებები - რიყის პარკში, აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე", - თქვა კახი კალაძემ.
ღონისძიებები 12:00 საათიდან 22:00 საათამდეა დაგეგმილი. რიყის პარკში იქნება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები, ინსტალაციები. ამავე ადგილზე 30-ში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1 ოქტომბერს მიუზიკლი.
ორბელიანის მოედანზე იქნება კვებისა და ტკბილეულის ზონები, საბავშვო ღონისძიებები, თეატრალიზებული პერფორმანსი და სხვა. ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე იქნება მუსიკალური ღონისძიებები. აბანოთუბანში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება".
დეტალურ პროგრამას მერია დღეს გამოაქვეყნებს.