"ვმუშაობთ, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან ავირიდოთ"

2023-09-14 18:12:48

"მთავარი არის იცით რა? როდესაც პრობლემას ნახავ, არ გაექცე, არ თქვა, რომ ყველაფერი კარგად და იდეალურად გვაქვს, იდენტიფიცირება მოახდინო და მეორე დღესვე დაიწყო მოგვარება", - ასე უპასუხა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" მიერ ქალაქის დატბორვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ჩვენ მას ვკითხეთ, რა დამატებითი ღონისძიებები აქვს მერიას გასატარებელი იმისთვის, რომ მსგავსი სურათი, რაც რამდენიმე დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად ქალაქში იდგა, აღარ მივიღოთ.

რუსთავის მერის თქმით, პრობლემები იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წვიმიან ამინდებს ქალაქი მომზადებული შეხვდეს.

"რომ არ ყოფილიყო ის სანიაღვრე სისტემა, რომელიც 14 მილიონ ლარამდე დაჯდა რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, თუმცა გეთანხმებით, რომ იყო გარკვეული ქუჩები, სადაც უხვი ნალექის გამო, მძიმე მდგომარეობა დაგვიდგა.

ვნახეთ პრობლემები, მათ შორის, ჭყონდიდელში ვიყავით იმ ღამეს, ერთ-ერთი კორპუსი დაგვეტბორა, ახლადრეაბილიტირებული სკვერში კი ქვაფენილი აყარა ძლიერმა წყლის ნაკადმა. მთავარი არის იცით რა? როდესაც პრობლემას ნახავ, არ გაექცე, არ თქვა, რომ ყველაფერი კარგად და იდეალურად გვაქვს, იდენტიფიცირება მოახდინო და მეორე დღესვე დაიწყო მოგვარება, რომ მომდევნო წვიმებისთვის იქნებ შევძლოთ და როგორღაც თავიდან ავირიდოთ დატბორვა. ეს ყველაფერი დაწყებული გვაქვს, ჭყონდიდელზე უკვე მოვძებნეთ გარკვეული გადაჭრის გზები - იდენტიფიცირებულია წყლის ნაკადის ჩამოდინების ტრაექტორია. ასევე გარკვეულ ზომებს მივიღებთ თოდრიისა და მესხიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზეც. 

თუმცა ეს მარტო ჩვენზეც არ არის დამოკიდებული, ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვაც აუცილებელია. გარკვეული პრობლემები მოდიოდა იქიდან, რომ ჭები იყო ნაგვით სავსე, ამასთანავე არ ატარებდა იმ რაოდენობით წყალს, რა რაოდენობაზეც იყო გათვლილი. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

როდესაც არის სტიქია, როდესაც არის უხვი ნალექი, რთულია წინასწარ პროგნოზირება, სად რა რაოდენობის წყალი დადგება. პირობითად, წინა წვიმების დროს, პრობლემური იყო მეგობრობის კვეთა და იქაც გარკვეული გადაწყვეტები გვაქვს მოფიქრებული. მოკლედ, ვმუშაობთ იმაზე, რომ მსგავსი პრობლემები ქალაქმა თავიდან აირიდოს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები