ქვემო ქართლში 8 კომპანიაში დარღვევები გამოავლინეს

2023-09-02 19:33:06

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების (ტყვიის) აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას.

"ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.