"ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება"

2023-08-28 11:30:22

ონის მერი სერგო ხიდეშელი ამბობს, რომ რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, ორ ადამიანს ისევ ეძებენ, ორივე მცირეწლოვანია.

მისივე განცხადებით, გარდაცვლილი 31 ადამიანიდან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს.

"კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ასე შემდეგ, ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება," - განაცხადა ონის მერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, თუმცა სამძებრო სამუშაოებს ხელი რომ არ შეეშალოს, კომისია ჯერჯერობით ვერ მუშაობს.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.