პირდაპირი ფრენები ამერიკასა და საქართველოს შორის

2023-08-25 18:32:50

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს.

დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო ცდილობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან დააკავშიროს, რაშიც მისი განმარტებით, "წარმატება აქვთ".

"პროგრესი არის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ამაზე მუშაობა იყო. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის დროს ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, სრულად მოდული შეიცვალა. მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ და რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდნენ ამ მიმართულებით. კვლავ ვმუშაობთ. ვისაც უფრენია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა დაადასტურებს, რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას ამ საუბრებში, წამოწევას ამ თემის საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. ეს საქართველოსთვის კარგია და ბუნებრივია, როდესაც გაქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის და ამერიკისთვის სასარგებლოა. ამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკული ბიზნესის წრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატება. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ უფრო დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ვხედავთ ენერგო კომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ლოჯისტიკური კომპანიები და სოფლის-მეურნეობის სპექტრში მომუშავე კომპანიები შემოდიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობით. ყველაფერი მიმართულია, რომ გაიზარდოს და ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა კელი დეგნანმა.