შოვში კიდევ 2 ცხედარი იპოვეს

2023-08-24 17:53:58

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე 2 ადამიანს ეძებენ.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

"ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.