სპეციალური საგამოძიებო სამსახური შსს-ს რუსთაველ თანამშრომელთან, გოგა რაზმაძესთან, დაკავაშირებით, რომელმაც ხელმძღვანელობა დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა, განცხადებას ავრცელებს.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მომართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.
გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს",- ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საპასუხოდ გოგა რაზმაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
"პირველი - რომელ ,,გამოძიებასთან თანამშრომლობაზე“ მომიწოდებთ?! სადაა გამოძიება? გამოძიებასთან თანამშრომლობა შეიძლება მაშინ, როცა გამოძიებაა დაწყებული. თუ გამოძიება დაწყებული არაა, გამოძიებასთან როგორ უნდა ვითანამშრომლო ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
მეორე - თქვენი პირველივე გამოძახებისთანავე გამოვცხადდი ჩემი ნებით საგამოძიებო სამსახურში და თქვენს ე.წ გასაუბრების ოქმში, წერილობით დავაფიქსირე რომ მზად ვიყავი გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად. თანამშრომლობის სურვილი რომ არ მქონოდა არც მოგმართავდით და არც მოვიდოდი.
მე თქვენთან უარი განვაცხადე ,,სამართლებრივ’’ აბსურდში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული (მოვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რადგან საკმარისზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდეთ ჩემი წერილობითი განცხადებით).
მესამე - მეორედ თქვენგან შემეხმიანა გამომძიებელი მას შემდეგ რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყებაზე გავასაჩივრე ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან (სხვათა შორის არც ერთისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია)",- წერს რაზმაძე.