შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა.
ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძე და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.
"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე რომ, ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.
6 აგვისტოს მოხდა შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის რუსთაველების 18 წლის სამირა ისაევას და 60 წლამდე მარინა ხორბალაძის იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამ რუსთაველს 24 წლის კოტე მაისურაძეს, 4 წლის დავით ხორბალაძესა და 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძეს ეძებენ.
შეგახსენებთ, შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, რასაც დაზუსტებული ინფორმაციით 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
"ინფო რუსთავი" უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახის წევრებს და იზიარებს მათ მწუხარებას.