შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
დღეს დილიდან ეს სტიქიის ზონაში ნაპოვნი მეექვსე ცხედარია. საერთო ჯამში ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს.
დღის განმავლობაში სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში 6 ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ცხედრები ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე იპოვეს.
"ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა