7 რუსთაველია დაკარგული შოვში, სტიქიის ზონაში

2023-08-04 23:55:56

შოვში სტიქიის ზონაში 7 რუსთაველია დაკარგული.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაკარგულები არიან შორენა ბიჭაშვილი და მისი ორი შვილი, მარიამ და კოტე მაისურაძეები, რომლებთანაც კომუნიკაციის დამყარება მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ვეღარ ხერხდება.

ისინი შოვის კოტეჯებში ისვენებდნენ.

სტიქიის ზონაში დაკარგულები არიან 60 წლამდე მარინა ხორბალაძე, მისი შვილი 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძე, შვილიშვილი 4 წლის გიორგი ხორბალაძე და მათი მეზობელი 18 წლის სამირა ისაევა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამირა ისაევას ძმამ ისკანდერ ისაევამ განუცხადა, დასთან ბოლო კონტაქტი 2 აგვისტოს ჰქონდა. მისი თქმით, შოვში დასასვენებლად წასულმა მისმა დამ და მეზობლებმა ერთ-ერთი კოტეჯი იქირავეს და იქ დარჩენას აპირებდნენ.

"ბოლოს ვესაუბრეთ 2 აგვისტოს და გვითხრეს, რომ მამისონის კოტეჯები ვნახეთ და აქ დავიქირავეთ სახლი და უნდა დავრჩეთო. ფოტოებიც ჩაგვიგდეს. მერე ჩაგვიგდეს ერთი ნომერი, რომელიც ეკუთვნოდა მეგი გუტაშვილს, სახლის მეპატრონეაო",- განგვიცხადა ისკანდერ ისაევამ.

დაკარგულია და სტიქიის ზონაში ეძებენ თავად მეგის, მის ძმას გიგი გუტაშვილს და ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრს.

ბოლო დაზუსტებული ინფორმაციით, შოვში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. 25-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება.

 

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები