საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან აიკრძალება.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება.
ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტის თანახმად, აკრძალულია რუსეთში ისეთი მეორადი ან ახალი ავტომობილის შეყვანა, რომლის ძრავის მოცულობაც 1,900 კუბურ სანტიმეტრს (1.9 ლიტრს) აჭარბებს, ასევე აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ელექტრომობილების შეყვანა. ასევე ძრავის ზომის მიუხედავად, აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების მოდელების შეყვანა. ხოლო სანქციების წინა პაკეტით აკრძალული იყო 50,000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში ექსპორტი. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში ყველა ავტომობილის შეყვანა აიკრძალა. Bm.ge-იმ დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საიდანაც პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.
რაც შეეხება აქამდე არსებულ ინფორმაციას, 13 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა bm.ge-ის წერილობით აცნობა, რომ 25 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელი იქნებოდა იმ ავტომობილების ექსპორტზე გატანა, რომელთა გატანაზეც ხელშეკრულება 25 ივნისამდე გაფორმდა, რასაც სანქციების მეთერთმეტე პაკეტი ითვალისწინებდა:
"რაც შეეხება, მე-11 პაკეტით განსაზღვრულ ცვლილებას, რომელშიც მოცემულია 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში შეყვანის შეზღუდვა გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზე EU No 833/2014 კონსოლიდირებულ ვერსიაში ამ დრომდე არ არის ასახული. ამასთან, ცვლილება არ შეეხება ყიდვა-გაყიდვას იმ ავტომობილებისა, რომლებზეც არსებობს 25 ივნისამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის აღსრულებაც 25 სექტემბრამდე განხორციელდება,"- აღნიშნული იყო შემოსავლების სამსახურის პასუხში.
წყარო: bm.ge