რომელ პოლიტიკურ პარტიებს შესწირეს ყველაზე მეტი თანხა

2023-08-01 13:01:26

2023 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 453,336 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ყველაზე მეტი თანხა შესწირეს პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 218,300 ლარი, მეორე ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდა 108,000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 90,790 ლარით, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, შემოწირულებების რაოდენობაში, გასული კვარტლის მსგავსად, კვლავ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 44-ჯერ შესწირეს თანხა. პარტიის შემოწირულებების უმრავლესობა ამჯერადაც მცირე თანხებს შეადგენდა (საშუალოდ 109 ლარი).

"საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ სულ სამი დონორი ჰყავდა, რომელთაც პარტიას ჯამში 108,000 ლარი შესწირეს. სამი დონორიდან ორი — ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნესპარტნიორები არიან, მათმა საერთო კომპანიამ „ბონდი-2009”, ამავე პერიოდში, 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო.

ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძემ ერთსა და იმავე დღეს, 6 ივნისს, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100,000 ლარი შესწირეს. ფუტკარაძეს 2021 წელსაც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 60,000 ლარი შეწირული. დევაძე და ფუტკარაძე სამ კომპანიაში არიან პარტნიორები: შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“. განსაკუთრებით საინტერესოა „ბონდი-2009“, სადაც მათი კიდევ ერთი პარტნიორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა. მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში კომპანიამ „ბონდი-2009“ 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. 2012 წლიდან „ბონდი-2009“-ს ჯამში 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800,000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული.

ამასთან, აპრილი-ივნისის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურიდან 11 პოლიტიკური პარტიის შემომწირველ 32 ფიზიკური პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით, შემოწირულების განხორციელებისთვის საკმარისი შემოსავალი 28 პირს დაუდასტურდა, ხოლო 4 პირს არ დაუდასტურდა.

ამ ოთხ პირზე აუდიტის სამსახურმა კომერციული ბანკებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. მათგან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, ხოლო ორი — „კონსერვატიული მოძრაობის“- ნათქვამია ინფორმაციაში.