საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება წერს, რომ 12 იანვარს საქართველოს და სომხეთის პრემიერმინისტრს შორის ერევანში ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში შევიდა.
''ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას ''საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ'', - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის ურთიერთ მიმოსვლის კიდევ უფრო გამარტივებას.
''შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით'', - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, აქამდე ბიომეტრიული პირადობით საზღვრის კვეთის შესაძლებლობა მხოლოდ თურქეთსა და საქართველოს შორის იყო შესაძლებელი.