კახოვკის კაშხლის განადგურების გამო, სპეციალისტები ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხეებზე საუბრობდნენ, რაც შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებით ემუქრება.
ეკოლოგები შიშობენ, რომ შავ ზღვაში დიდი ოდენობით - ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები მოხვდება, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს და ინფექციების მატების რისკს გაზრდის.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ზღვის წყლის დაბინძურების რისკი არ არის.
"ჯერ-ჯერობით უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში მკვეთრად დაბინძურებული ზღვის წყალი ვნახოთ ამ კატასტროფით გამოწვეული ძალიან მინიმალურია. დღევანდელი მდგომარეობით ამის რისკი არ არის. ის ნაგავი, რაც ზღვის ზედაპირზე ტივტივებს შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიამდეც მოვიდეს, მაგრამ მანამდე დიდი გზაა", - განაცხადა მან.
ივანე ჩხაიძე ზღვაზე დასვენების სხვა საფრთხეებზე საუბრობს და დამსვენებლებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ყველაზე დიდი რისკი ზღვაზე დასვენებისას არის მზის სხივების ზემოქმედება და კანის დაზიანება დამწვრობის შედეგად, ამიტომ განსაკუთრებით ბავშვებისთვის დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე ზღვის სანაპიროზე ყოფნა და მზის სხივების ზემოქმედება კატეგორიულად დაუშვებელია. ასევე მნიშვნელოვანია ხშირად იყოს დატანილი კანზე მზისგან დამცავი კრემი. ასევე, აუცილებელია სითხე იყოს მიღებული, ვგულისხმობ წყალს.
თუ ამ წესებს დავიცავთ სხვა რისკი ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ არსებობს. არ გვქონია არცერთი შემთხვევა, როდესაც ზღვის წყლიდან რამე ბაქტერია გავრცელებულიყოს და აქედან მომხდარიყო ქვეყანაში რაიმე ინფექციის აფეთქება", - განმარტა მან.