ნინო ლაცაბიძე - რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს.
რუსთავის მერია, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სფეროს რეფორმას განაგრძობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა. ქალაქის მერმა, მათ რუსთავის ახალი განვითარების გეგმა, სატრანსპორტო სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი ესწრებოდნენ.
"რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს, რომლის შედეგად გაუმჯობესდა როგორც შიდასაქალაქო მიმოსვლა, ასევე ვმუშაობთ რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე. მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებთან ერთად, დღეს განვიხილეთ ყველა ის სიახლე, რომელიც სამომავლოდ გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ვისაუბრეთ სახელფასო პოლიტიკაზეც, იქ დასაქმებულების ხელფასები ჩვენ მიმდინარე წელს ორჯერ გავზარდეთ. რეფორმა გრძელდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას ქალაქში კიდევ უფრო გააუმჯობესებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში 100 მძღოლი და 49 კონტროლიორია დასაქმებული. 2023 წლის იანვრიდან, დღემდე, მათი სახელფასო ანაზღაურება უკვე მეორედ გაიზარდა. სრულად მოხდა ავტოპარკის განახლება 40 ახალი ევროსტანდარტის ავტობუსებით, უახლოეს პერიოდში კი 20 ახალი ავტობუსი შეემატება. ქალაქში მოეწყო ახალი გაჩერებები, თანამშრომლებისთვის შეძენილი იქნა ახალი სეზონური ეკიპირება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.