წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
არასრულწლოვნის დახმარებას სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, 15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ვაკის გამგეობა.
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება - უწყება განმარტავს, რომ სკვერში მიმდინარე სამუშაოებთან მომხდარს საერთო არაფერი აქვს.
"პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა.
ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!
ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!", - ნათქვამია განცხადებაში.