სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიაში

2023-06-24 12:27:37

რუსთავის მერიაში ქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია ქალაქის ხელმძღვანელ პირებს მიაწოდა.

"რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სათავე ნაგებობაზე დასრულდა მდ. ხრამის ნაპირდაცვის სამუშაოები. დასრულების ფაზაშია ხრამის სათავე ნაგებობაზე მე-5 შახტური ჭის სამუშაოები. შახტური ჭა ექსპლუატაციაში 5 ივლისს შევა, რაც გააუმჯობესებს რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების წყალმომარაგებას.  სექტემბერში დაიწყება მე-7 შახტური ჭის რეაბილიტაცია.

2023 წლის ბოლომდე დასრულდება დამატებითი სარეზერვო რესურსებისთვის ხუთი ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, შედეგად წყლის დებიტი გაიზრდება 1000 კუბით საათში.

მიმდინარეობს ფარული დანაკარგების აღმოფხვრისთვის სამუშაოები, რომელიც ოქტომბერში დასრულდება.

აგვისტოში მე-6 მიკრორაიონის  წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია,  სექტემბერში კი მშვიდობის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელისა და გაგარინის ქუჩაზე  მდებარე, ჩათმის რეზერვუარის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება.

აგვისტოში დაიწყება მე-7 მიკრორაიონის წყალსადენის განახლება. ასევე, ნეკრასოვის ქუჩის, ჯავახიშვილის ქუჩიდან ბერიტაშვილის ქუჩამდე არსებული ქსელის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ჭყონდიდელის დასახლებაში. ერთ თვეში დაიწყება სამუშაოები მესხიშვილის ქუჩაზე, I  გასასვლელიდან თოდრიას წრის ჩათვლით.

სექტემბერშია დაგეგმილი მეგობრობის გამზირზე, შოთა  რუსთაველის ძეგლიდან იუსტიციის სახლამდე არსებული ქსელის რეაბილიტაცია, შედეგად გაუმჯობესდება  მეგობრობისა და შარტავას გამზირების  კენტი კორპუსების, თოდრიას I და II ჩიხის, ნაწილობრივ XV, XIV მიკრორაიონების მომარაგება. ამავე პერიოდში დაიწყება  მე-17 მ/რ N10, 11, 12 კორპუსების მკვებავი წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, ასევე სამუშაოები ლომოურის ქუჩის მე-3 გასასვლელის წყალსადენის ქსელზე.  რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ,  გაუმჯობესდება ლომოურის მე-3 გასასვლელის, მეგობრობის გამზირის ნაწილის, VI, VII, VIIა, VIII, XX, XXI მიკრო რაიონების წყალმომარაგება.

ამავე პერიოდშია დაგეგმილი სათავე ნაგებობის ტუმბო-აგრეგატებისა და  I აწევის სატუმბო სადგურში არსებული მარეგულირებელი კვანძების რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება.

ოქტომბერში დაიწყება იაღლუჯის რეზერვუარის წყალმომარაგების ქსელის შეცვლა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება მეგობრობის გამზირის ზედა ნაწილის, VI, VII, VIIა, VIII, XX, XXI მიკრორაიონების წყალმომარაგება.  ამავე პერიოდიდან განხორციელდება ქალაქის რეზერვუარების ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაციაც", - განაცხადა თემურ ჯანელიძემ.