რუსთავში სუში24-ში შეძენილი შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მოწამლულმა დაჩი აბაშიძემ განუცხადა, მან შაურმის მირთმევის შემდეგ მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო.
"შაურმით მოვიწამლე, გლოვოთი მქონდა გამოძახებული. ექიმებმა მწვავე ინტოქსიკაციააო.
მართალია საშაურმემ დამირეკა ბოდიშებით და ა.შ მაგრამ ისეთი დღე გადავიტანე, ახლაც კი ცუდად ვარ",- განგვიცხადა დაჩი აბაშიძემ.
მეორე მოწამლული, რომელმაც იგივე ობიექტიდან გამოიძახა შაურმა, აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის გამო მასაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით "სუში24-ს დაუკავშირდა", სადაც განგვიცხადეს, რომ კომპანია სიტუაციაში გარკვევას ცდილობს და ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებენ.