"ფეკალური მასები პირველ სართულზე ამოდის"

2023-05-25 19:11:24

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც "ინფო რუსთავს" N18ა-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, ეზოში ფეკალიები ამოედინება და იტბორება.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა აქტიურად მიმართავენ დახმარების თხოვნით კომპანია "რუსთავის წყალს", თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.

"საკანალიზაციო ჭა იჭედება და ფეკალური მასები ამოდის. შეიძლება აქ არც გაიჭედოს, სადმე თავში,  მაგრამ აქ ამოსასვლელს ნახულობს. რომ მოსულან და აუხდიათ, წასულან სხვაგან გაუწმინდავთ, უბრალოდ ჩვენ ვზარალდებით. თუ უბანში პრობლემაა, ჩვენთან ამოდის ფეკალური მასები. ფანჯარას ვერ გააღებ, ყარს აქაურობა. მასა ყრია გზაზე, ეს ხომ არ არის ნორმალური? ახლა მესამე დღეა ასეა, ისე კი წლებია ეს პრობლემა დგას. 3 წლის წინ ეს უბანი გააკეთეს, წყლის მილები გამოცვალეს, საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა კი ალბათ არამომგებიანი იყო მათთვის და დატოვეს ისე, როგორც არის. ეს კიდევ კარგი შემთხვევაა, არის შემთხვევები, როცა ისე გაიჭედება, რომ მერე ჩვენთან პირველ სართულებზე ამოდის ყველაფერი. მოვიდნენ და მოგვაქციონ ყურადღება. მერიაში ვრეკავთ გვამისამართებენ, რუსთავის წყალს დავურეკე და მესამე დღეა არ წმენდენ", - აცხადებს მოქალაქე.

საკითხთან დაკავშირებით კომეტარისთვს კომპანია "რუსთავის წყალს" დავუკავშირდით.

"არ იყო ცხელ ხაზზე პრობლემა დაფიქსირებული. მივლენ ადგილზე, შეამოწმებენ ქსელს და თუ დაფიქსირდება დაზიანება ან გაბიდვნა, აუცილებელ ღონისძიებებს მიიღებენ", - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები