"მყარი ნაწილაკების მთავარი წყარო სამშენებლო სექტორია"

2023-05-09 11:42:11

საქართველოს გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ სტუმრობისას საქართველოში ჰაერის ხარისხსა და მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

"აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, აზოტის დიოქსიდის გადაჭარბებები მუდმივად გვიფიქსირდება ავტოტრანსპორტით დატვირთულ გზებზე, თუ 2019-2021 წლამდე ქუჩებზე მცირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები, 2022 წელს ამ მონაცემებმა მოიმატა. ამის მთავარი მიზეზი კი, ცალსახად, ავტომობილების მატებაა. 2022 წელს ავტომობილების იმპორტი 107,000 ასცდა, რამაც, რა თქმა უნდა, ზეგავლენა იქონია ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე. აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ძირითადად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მთავარ მაგისტრალებზე, ხაშურსა და ზესტაფონში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აჭარბებს თანამედროვე ქართულ და ევროპულ ნორმებს“,- განმარტავს ის.

მისივე თქმით, აზოტის დიოქსიდის წლიური ნორმა 40-ია, აღმაშენებლის ქუჩაზე კი ეს რიცხვი 80-ს აღემატება, 70-60-ის ფარგლებშია სხვა თბილისის ქუჩებზეც.

უმსხვილეს მაგისტრალებზე ყველგან ფიქსირდება გადაჭარბება, თუმცა, რეკრეაციულ ზონებში გადაჭარბება ფაქტობრივად არ ფიქსირდება.

ნოე მეგრელიშვილი ჰაერში არსებულ მყარ ნაწილაკებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდი სამრეწველო ზონის გამო, ეს საკითხი რუსთავშია ყველაზე პრობლემური.

"მყარი ნაწილაკების მთავარი წყარო სამშენებლო სექტორია, დედაქალაქში გვაქვს მცირე ზომის საწარმოები, რომელიც ასევე დაბინძურების წყაროა, მაგრამ მყარი ნაწილაკების ფორმირებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს რუსთავში არსებული სამრეწველო ზონა“, - დასძინა მან.