სუფრის გაშლის ტრადიცია სასაფლაოზე

2022-04-15 14:08:55

"ჩემთვის მაგაში მიუღებელი არაფერი არ არის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი აღდგომის სიხარულს უკავშირდება", - ასე ეხმაურება სასაფლაოებზე სუფრის გაშლის სააღდგომო ტრადიციას რუსთავის ხარების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი.

როგორც სასულიერო პირმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, თუ ვინმეს სასაფლაოზე სხვა სახის თავყრილობის გამართვა მოუნდება, ეს უკვე მისი რწმენის პრობლემაა.

"როგორც ჩვენ აქ ვხარობთ და ვდღესასწაულობთ, ისე მიცვალებულებიც ამ დღეს ზეცაში დღესასწაულობენ და ვისაც უნდა, რომ მიულოცოს მათაც, ვინც ცოცხალი იყო, მათთან ერთად აღნიშნავდა სიხარულით და ამ დღისთვის ემზადებოდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს მხოლოდ ჩვენი ტრადიცია კი არაა, სხვა ქვეყნებშიც ხდება ასე იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობენ ქრისტიანები და მათაც აქვთ განცდა მიცვალებულთა და ცოცხალთა შორის კავშირისა ამ დიდ დღესასწაულზე. დანარჩენი, თუ ვინმეს იქ რაღაცა სხვა სახის თავყრილობის გამართვა უნდა, ეს უკვე მისი რწმენისა და შეგნების საქმეა, თორე ის რომ გავდივართ და ტაბლას გავაწყობთ, მისაღებია ჩემთვის. ჩვენ ხომ საკურთხს ისედაც ვუკეთებთ მიცვალებულებს და გავდივართ შემდეგ საფლავზე, ასე ხდება იმ დღესაც, უბრალოდ ბევრი გადის ძალიან ერთად. ამ ფორმით აღდგომას ოჯახის წევრები სიხარულით აღნიშნავენ იმ გარდაცვლილ ოჯახის წევრთან ერთად, რომლებიც იქ, სასაფლაოზე განისვენებენ", - აცხადებს მამა მიქაელი.