როდის უნდა გახვიდეთ სასაფლაოზე, კვირას (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე) თუ ორშაბათს (მიცვალებულთა ხსენების დღეს)?
ეს კითხვა ყოველ წელს, აღდგომის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის ხარების ტაძარის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილს მივმართეთ.
მისი თქმით, სასურველია, კვირას, აღდგომის დღეს, ყველამ იდღესასწაულოს, სასაფლაოებზე კი ორშაბათს გავიდეთ.
"კვირა არის აღდგომის დღე, ეს არის დიდი დღესასწაული და საგალობლებს თუ მოუსმენენ, იმ საკითხავებს, რომელიც აღდგომა დღეს იკითხება ხოლმე ეკლესიაში, იქ ასე წერია, არცერთი მკვდარი არ არის საფლავშიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის აღდგა ქრისტე, რომ ყველა აღდგეს მეორედ მოსვლის ჟამს, მაგისთვის აღდგა ქრისტე. ეს დიდი დღეა, უქმე დღეა, ესაა დღესასწაულთა დღესასწაული, ვისაც ამისი განცდა აქვს და ამისი სარწმუნოება აქვს, ის ამ დღეს დღესასწაულობს და მეორე დღეს მიდიან ხოლმე საფლავების მოსანახულებლად და მიცვალებულებსათვის მისალოცად. შეიძლება, ვინმე გამონაკლისია, ვისაც არ შეუძლია, რომ წავიდეს ორშაბათს ან სხვა დღეს, მივა ალბათ და წირვის შემდეგ თავის მიცვალებულებს სანთელსაც დაუნთებს", - აცხადებს მამა მიქაელი.