რუსთავში საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია ინსპექტირების დროს გამოვლენილი ყველაზე პრობლემური ზონებიდან დაიწყება.
ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"შარშან წლის ბოლოსკენ სემეკის ახალი გადაწყვეტილებით კომპანიას, ამ შემთხვევაში რუსთავის წყალს დაევალა, რომ კორპუსიდან გამავალი პირველი ჭის შემდგომ ქსელს გაუკეთოს ექსპლუატაცია. იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ მოცულობითი, და წლების განმავლობაში ეს არ იყო არც კომპანიის ვალდებულება და არც სათანადოდ არ იყო მიხედილი ქსელი, საკმაოდ დიდი რაოდენობაა დღესდღეობით. რუსთავის მერიის ჩართულობით ერთად ხდება ინსპექტირება, თუ რომელი კორპუსები და საუბნო ქსელებია ყველაზე პრობლემური, რათა შედგეს გეგმა-გრაფიკი და ავარიულობისა და რისკების ზონების მიხედვით მივყვეთ ამ ქსელების რეაბილიტაციას.
არ იქნება სწორი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს მონიტორინგი გააკეთოს ან მარტომ მერიამ, ან მარტო რუსთავის წყალმა. ეს უნდა მოხდეს კომისიურად, ერთობლივად და ზუსტად ამ გზით გავაგრძელებთ",- განაცხადა ბაბუხადიამ.
შეგახსენებთ, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით რუსთავის მერია კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლებთან ერთად, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებს.