ჩუტყვავილას შემთხვევები რუსთავში

2023-03-22 20:36:25

რუსთავში ინფექციური დაავადება ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრებში განუცხადეს, ჩუტყვავილათი ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა არის, თუმცა მარტის თვეში თებერვალთან შედარებით ნაკლები.

სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, რომ მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი გასულ თვეში იყო, თუმცა ინფიცირებული პაციენტები ახლაც აკითხავენ.

დიაგნოსტიკურ ცენტრებში მისული პაციენტების უმრავლესობა ბავშვები არიან. ფიქსირდება ზრდასრულების ინფიცირების ერთეული შემთხვევებიც.

პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ნინო განცხადებით, ჩუტყვავილასთან ერთად ფიქსირდება კიდევ ერთი ინფექციური დაავადების, ქუნთრუშას შემთხვევებიც.

მან "ინფო რუსთავთან" საუბრისას ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე ისაუბრა.

"ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელია სპეციფიკური გამონაყარი. ლაქებივით ჩნდება და მერე წარმოიქმნება სითხით სავსე ბუშტუკები, რომელიც თანდათანობით ჩაიჩუტება და გადაიქცევა ფუფხად. გამონაყარი არის ყველგან, კანის ნებისმიერ უბანზე. იწყება უფრო ხშირად თავის თმიან ნაწილშია და ესეც ერთგვარად ნიღბავს მის ვიზუალიზაციას და გავრცელების სისწრაფეს განაპირობებს.

ჩუტყვავილა გადამდებია ბოლო ახალი გამონაყარიდან პლუს ხუთი დღე, ანუ გამოყრა ძირითადად გრძელდება 4-5 დღე. აქაც არის სპეციფიკურობა და ზოგჯერ შესაძლოა მე-6 დღესაც, მაგრამ ზოგადად ასეა. საშუალოდ ჩუტყვავილიანი პაციენტი გადამდებად ითვლება 9-10 დღის განმავლობაში.

პირველ რიგში უნდა მოერიდონ კონტაქტს. ჩუტყვავილა ძირითადად მიმდინარეობს იოლ ფორმებში. არსებობს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმა. მსუბუქი ფორმა ძირითადად გამოიხატება გამონაყარსა და ქავილში, რომლის დროსაც ყურადღების მიქცევაა საჭირო, რადგან შესაძლოა ისე მოიქავოს, რომ დაირღვეს მთლიანობა და მოხდეს დაბინძურება, რასაც შესაძლოა გართულება მოჰყვეს. საშუალო სიმძიმის დროს შესაძლოა ტემპერატურა მოჰყვეს, ოღონდ ჩუტყვავივალს იშვიათად ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ან უსიცხოდ მიდის, ან 38 გრადუსის ფარგლებშია. ამას სჭირდება მეთვალყურეობა, დიდი რაოდენობით სითხეები უნდა მიიღოს პაციენტმა, საჭიროა ექიმთან კომუნიკაცია, რომ ქავილის დასაწყნარებლად დაუნიშნოს ქავილის შესამსუბუქებელ საშუალებას, საჭიროა ჰიგიენის დაცვა, რათა არ მოხდეს გამონაყარის დაბინძურება",- განაცხადა ნინო კიკილაშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები