რუსთავში ახალ შუდასაუბნო რეკრეაციულ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა.
შიდასაუბნო სივრცეების განვითარებისა და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, მე-15 მიკრო რაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა.
ეკოაქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, რუსთაველმა ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და "რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლებმა მიიღეს.
"გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქალაქში რა თქმა უნდა აქტუალურია საკითხი, რომელიც გამწვანებას ეხება. დღეს ერთ-ერთ უბანში შევიკრიბეთ, სადაც ახალი საზოგადოებრივ-გასართობი სივცეები მოვაწყვეთ ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და მათთან ერთად დავგეგმეთ დღევანდელი გამწვანების აქციაც", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
აქციის ფარგლებში, მე-15 მიკრო რაიონის N13-ის მიმდებარედ მოწყობილ ორ ახალ რეკრეაციულ სივრცეში, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო.
"რუსთავს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. აღნიშნული ეკოპროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით. დღეს სწორედ მათი ჩართულობით შედგა ეს ლამაზი დღე და ერთად დავრგეთ ხე-მცენარეები", - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი მინი სკვერი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოეწყო. ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა გარე განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და დასასვენებელი სივცე.