24 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში გაგარინის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, რის შემდეგაც მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობდა, რამდენიმე საათის წინ კი მოულოდნელად გარდაიცვალა. მას ჭრილობები ცივი იარაღით მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, პაპუნა ბახტაძეს ესაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებს უკვე დაკავებული ჰყავთ ბრალდებული.