რუსთავში მე-16 მიკრორაიონის N9-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა, ოთარ მუშკუდიანმა განუცხადა, ხშირად იჭედება საკანალიზაციო მილები, რის შემდეგაც წყალი და ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე ამოდის და იტბორება კორპუსის საძირკველი.
"ჭა იჭედება ძირითადად მე-6 სადარბაზოს მხარეს და რომ იჭედება, მთელი ეს მასა, ფეკალიები და წყალი ამოდის პირველ და მე-2 სადარბაზოებთან. ეზოში ამოდის და ამ ჭებს კორპუსისკენ აქვთ დახრა და მთელი ეს მასა ჩადის საძირკველში. გარეთაც დგას წყალი და სარდაფებშიც. ძალიან ხშირად იჭედება და ვუკავშირდებით კომპანია რუსთავის წყალსაც. არ ვიცით რატომ იჭედება, მილია შევიწროებული თუ ვინმე რაღაცას აგდებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დროულად გაიწმინდოს.
გუშინ მეც და მეზობლებმაც დავრეკეთ და არ მოვიდნენ. დღესაც დავრეკეთ და არ მოსულან, პრობლემა ისაა, რომ რაც უფრო გვიან მოდიან სარდაფები უფრო მეტი წყლით ივსება, ხანდახან ყოფილა, რომ 5 დღის შემდეგ მოსულან. ვითხოვთ, რომ საკანალიზაციო მილები გაიწმინდოს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ოთარ მუშკუდიანმა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "რუსთავის წყალსაც", სადაც განაცხადეს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე ჯგუფს გაგზავნიან.