ჩემთვის პირადად, სუფთა ადამიანურად, ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო და არის ეს ადამიანი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმ, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის შესახებ განაცხადა.
ანა ბუჩუკურმა პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ ლაცაბიძე პარტია "საქართველოსთვის" მხარდაჭერისა და გვარის გამო, ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში დასაქმებულ ელენე გახარიას სამსახურიდან ათავისუფლებს.
"მორიგი სამარცხვინო ფაქტი ჩვენი გუნდის მხარდამჭერის მისამართით, ამჯერად რუსთავში - ელენე გახარიას, რომელსაც პარტია "საქართველოსთვის" მხარდაჭერისა და ფაქტობრივად გვარის გამო სჯის რუსთავის მერი და მომავალი წლიდან სამსახურიდან აგდებს. კერძოდ, მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან, რომელშიც ელენე 4 წელია მუშაობს. ხაზს ვუსვამ - მხოლოდ და მხოლოდ გვარისა და ჩვენი პარტიის მხარდაჭერის გამო - ის არ არის ჩვენი პარტიის წევრი! სამსახურიდან გამოშვებას წინ უძღოდა ელენე გახარიას მისამართით არაერთი მუქარა მისი პოლიტიკური გემოვნების გამო. ზოგადად, არ შემიძლია არ ვთქვა რუსთავი მერის, ქალბატონი ლაცაბიძის წარმოუდგენელ ქმედებები და გადაწყვეტილებები, ჩემთვის პირადად, სუფთა ადამიანურად, ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო და არის ეს ადამიანი. ეს ადამიანი არის ნათელი მაგალითი, როდესაც სუსტი ადამიანი ვერ უძლებს, თუნდაც მცირეოდენ ძალაუფლებასაც კი. ამ ადამიანმა დაადასტურა, რომ საერთოდ არ ესმის რა არის კონსტიტუცია, რა არის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, რუსთავის მერს დავიწყებული აქვს მოქალაქეების პრობლემები და გადასულია პერსონალურ პიარზე ბიუჯეტის ხარჯზე.
"ამ ადამიანმა, ჩემდა სამწუხაროდ, ამას ხაზს ვუსვამ და ამას ვამბობ სრული გულწრფელობით, აჩვენა როგორ შეიძლება ადამიანი სრულად დაცლილი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური, თუ ადამიანური კლასისგან. აღარ ჩამოვთვლი რით არის დაკავებული რუსთავის მერი, მაგრამ ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულია იმით, რომ საკუთარი პერსონალური პიარი აკეთოს მხოლოდ, ისიც ბიუჯეტის, ანუ მოქალაქეების ხარჯზე. მას დავიწყებული აქვს ის რეალური პრობლემები, რაც რუსთავის მოქალაქეებს აწუხებთ.
მაგალითად, შევახსენებ ტრიბუნიდან: უსაფრთხო ლიფტების პრობლემა, დროში გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ა(ა)-ში და მერიის სამსახურებში ხელოვნურად შექმნილი და დასაქმებული ადამიანები, სასმელი წყლის პრობლემები, აწ უკვე პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა, ის ადამიანები რომლებიც დღეს შეიძლება მშვიდად საქმიანობენ მე მათ უბრალოდ გავაფრთხილებ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს რადგან ხვალ შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ. ამ ადამიანმა ასე გამაოცა არა მხოლოდ მე. ეს მისი პერსონალური პრობლემაა.
თანამდებობები დროებითია კოლეგებო და ჩვენ ახალგაზრდა ადამიანები ვართ და ვაგრძელებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ახლა რუსთავს თავი რომ დავანებოთ, რუსთავი არის რეალურად ზღვაში წვეთი იმ სისტემური მავნებლობიდან, რასაც ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით ახორციელებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.