რა ჩანს რუსთავის ცაზე

2022-12-07 21:27:18

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" არაერთმა რუსთაველმა გამოუგზავნა ფოტო, სადაც რუსთავის ცაზე ძლიერი კვამლი ჩანს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ადგილზე და გაარკვია, რომ რეალურად კვამლი, რომელიც მთელი ქალაქიდან შესამჩნევი იყო, გარდაბნის თბოსადგურიდან ამომავალი ორთქლია, რომელიც არ არის დაბინძურებული გამონაბოლქვი.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა "გავიგუდემაც", რომლებიც წერენ: " დიახ, ეს ნამდვილად ჰგავს აპოკალიფსურ სურათს, მაგრამ "რუსთავის აპოკალიფსი" სულ სხვა მხარეს არის.

ეს არის გარდაბნის თბოსადგური. ფოტოზე რაც ჩანს, ძირითადად ორთქლია. ნამწვი აირები (დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩვენს გაზის გამათბობლებს აქვს) გამოდის მხოლოდ 1 მილიდან, რომელშიც დამონტაჟებულია თვითმონიტორინგის სისტემა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია იცავენ თუ არა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

დიახ, ეს ის თვითმონიტორინგის სისტემაა, რომლის დამონტაჟებასაც რუსთავის საწარმოებს ვეხვეწებით.

ეს ორთქლი ახლა გახდა შესამჩნევი იმიტომ, რომ აცივდა. თორემ იქამდეც ასე იყო.

განათებას რაც შეეხება, "პლანტას" სათბურებიდან მოდის და იქმნება ასეთი სურათი.

ნეტა ასე "ეფექტურად" ჩანდეს და ვხედავდეთ ყოველ დღე რა ხდება საწარმოო ზონაში. როგორ გვაზიანებენ და გვწამლავენ რუსთავის საწარმოები. 

ამის ნუ გეშინიათ, გეშინოდეთ იმის, რაც ხდება რუსთავის საწარმოო ზონაში და რაზეც გეუბნებით რომ საშიშია (ტყუილად არაფერზე გაშინებთ). მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ასე საშიშად სულაც არ გამოიყურებოდეს რეალურად საშინელების ამსახველი ყველა ფოტო",- ნათქვამია განცხადებაში.

"ინფო რუსთავი" გარემოსდაცვითი ზედამხედველობიდან გამოითხოვს ინფორმაციას, დაუფიქსირებია თუ არა თბოსადგურში დამონტაჟებულ თვითმონიტორინგის სისტემას დარღვევა.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები