"გასამართლებულია აბსოლუტურად უკანონოდ" [video]

2022-12-05 14:45:54

რუსთავში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ქართლოს სამარგულიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მე-20 სკოლასთან სოლიდარობის აქცია გამართეს. [ვიდეო/video]

აქციის მონაწილეები სიმბოლურად შავი ფერის ტანისამოსითა და თეთრი ვარდებით მივიდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკავებულის ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ჩამბარდა. ეს არის ბრჭყალებში გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დასაბუთებული. ასეთი გადაწყვეტილება ალბათ რუსეთში, ჩინეთში და ჩრდილოეთ კორეაშიც აღარ იწერება. ეს ადამიანი, ვამბობდი, რომ გასამართლებულია აბსოლუტურად უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ერთი დაუსაბუთებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე. ეს დადასტურდა დღეს.

ჩამბარდა 45 გვერდიანი განაჩენი, სადაც 40 გვერდი არის მოწმეთა არასწორი ციტირებები, მაგაზეც გავამახვილებ აპელაციაში ყურადღებას. არასწორი ინტერპრეტაცია აქვს მიცემული მოწმეთა ჩვენებებს და მხოლოდ სამ აბზაცში მოსამართლე ამბობს, რომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ბავშვები არ ამბობენ ტყუილს. აი ეს არის 8 წლით ადამიანის ციხეში გაშვების საფუძველი სასამართლოსთვის.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩვენ იქ სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას დავუდასტურებთ, რომ ეს ადამიანი არის უკანონო პატიმარი და 21-ე საუკუნეში საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე არ შეიძლება, რომ ერთადერთი ჩვენების საფუძველზე ადამიანი ციხეში ჩაჯდეს 8 წლით",- განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულ ქართლოს სამარგულიანს რუსთავის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები