სტუდენტთა დაფინანსების წესში ცვლილება შედის. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რუსთავში 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაციის ვალდებულების გაუქმებაა.
"ჩვენ ჩანაწერი გვქონდა, რომ სტუდენტს სერვისის მიღების შემთხვევაში ბოლო 2 კლასი უნდა ჰქონოდა აქ დამთავრებული, ანუ ჩაწერილი უნდა ყოფილიყო რუსთავში და ეს უნდა წარმოედგინა, თუმცა ახლა შეგვაქვს ცვლილება, რომ მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს განათლების მიღების. ასევე ვაზუსტებთ იმასაც, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ქულების დოკუმენტის წარმოდგენა მოუწევთ ყოველ სემესტრულად. ეს ორი ძირითადი ცვლილება გვაქვს. ჩაწერის თემა იცვლება მხოლოდ ბაკალავრის შემთხვევაში", - განაცხადა ლაცაბიძემ.
დაფინანსების მოპოვების მსურველთათვის, საკმარისი იქნება, სკოლიდან შესაბამისი ცნობის წარმოდგენა, რომ მან ბოლო 2 კლასი ნამდვილად ისწავლა რუსთავში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ცვლილების ბიუროზე გატანას სოციალურ საკითხთა კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი.