რუსთავში პუშკინის ქუჩაზე მდებარე სოციალური სახლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მცხოვრებმა, გიორგი გარდავამ განუცხადა, სოციალურ სახლში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას გაზქურების გამოსაყენებლად საჭირო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდეს.
"დღეს რუსთავის სოციალურ სახლში დაახლოებით 30-დან 40-მდე ოჯახს გამოერთო გაზი, რომელიც ჩვენ შევიყვანეთ, კუსტარულად არა, აქ იყვნენ პროფესიონალი მუშები მოსულები და მათ შემოიყვანეს ეს გაზი...
თავიდან, როცა ამ სახლში შემოვედით საცხოვრებლად ასეთი პირობა იყო, რომ აქ არავის არ უნდა შემოყვანა გაზი და გვქონდა ელექტრო გამათბობლები, რასაც ვრთავდით და ვიკეთებდით საკვებს, მაგრამ შემდგომ ელექტრო გამათბობლებმა დაწერა ძალიან ბევრი, რის გამოც ყველამ ერთიანად გადავწყვიტეთ, რომ გაზი გვქონოდა.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ მერიამ, რომელმაც თავიდანვე დაზოგა ფინანსები და არ გააკეთა პროექტი ისე, რომ ყოფილიყო გაზი, ხარვეზიანი პროექტი რაღაცნაირად გადააკეთოს, შეიცვალოს. ჩვენ მოგვეცეს იმის უფლება, რომ დილით საჭმელი გავიმზადოთ. აქ ცხოვრობენ შშმ პირები, რომელთაც ყოველ საღამოს სჭირდებათ თბილი წყალი, ჩაი, რომ მიიღონ თავიანთი წამალი. დილით ბავშვებს სჭირდებათ, რომ სკოლაში წავიდნენ ისე, რომ დალიონ თბილი ჩაი და მიირთვან კარაქიანი პური",- აცხადებს გარდავა.
ადგილზე მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბუსხრიკიძე, რომლის თქმითაც, სოციალური სახლის მონიტორინგის დროს, აღმოჩნდა რომ მცხოვრებთა ნაწილმა ბუნებრივი აირი გაზქურამდე კუსტარულად გაზის გამათბობლებიდან გაიყვანეს, რითაც უსაფრთხოების ნორმები დაირღვა.
"არ არსებობს ოფიციალური ნებართვა, რომლის ფარგლებშიც ნება დაერთო ვინმეს, რომ კუსტარულად შეეერთებინა გაზქურები. აქ საუბარია უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე. სამსახურმა მონიტორინგის ფარგლებში სოციალური საცხოვრისის დათვალიერების დროს აღმოაჩინა, რომ კუსტარულად იყო შეერთებული გაზქურები, გამათბობლიდან გამოყვანილი მილით. ამის თაობაზე აცნობა სოკარ გაზს, კომპეტენციის ფარგლებში სოკარ გაზი დაინტერესდა, რამდენად იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული და მოვიდა შესამოწმებლად",- აცხადებს ლაშა ბუსხრიკიძე.
მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე მივიდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით გამოსავლის საპოვნელად შეხვედრას გამართავს სოკარ გაზის წარმომადგენლებთან.
"მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ რეალურად გაზის გამათბობლები აქვთ, მას შემდეგ რაც აქ ცხოვრობენ, თუმცა საუბარია სამზარეულოში გაზქურებამდე გაზის მიყვანაზე, რომელიც დაუზოგავს თანხებს, რომელსაც იხდიან კომუნალურების სახით. სამსახურს ჰქონდა რეაგირება, როდესაც შემოვლა იყო, კუსტარულად გაყვანილი გაზის მილები იყო, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს არღვევდა. ჩვენი მოვალეობა იყო, რომ შესაბამისი სამსახურისთვის, სოკარისთვის ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა და მათ რეაგირება მოახდინა. დაუშვებელია, რომ ხელოვნურად, თვითნებურად ადამიანებმა გაზის მილები შეიყვანონ სახლში, რომელიც უსაფრთხოების ნაწილს დაარღვევ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას რამე რომ მოხდეს, ჯვარი გვწერია. ჩვენ ახლა ჩავერთვებით აქტიურად და დარწმუნებული ვარ, რომ სოკართან ერთად მოვძებნით გამოსავალს",- აცხადებს ლაცაბიძე.