"18 წელზე მეტი ასაკის 66.3% საერთოდ არ ვარჯიშობს"

2022-10-31 13:19:26

საქართველოში ავადობის 80% და სიკვდილობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. არაგადამდები დაავადებების გამოწვევის ძირითად რისკ ფაქტორებს შორის კი არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაცაა.
ამის შესახებ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიის პროექტშია ნათქვამი, რომელიც  მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.  დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 7 თვის წინ დაიწყო. სტრატეგიის მომზადებაში სხვადასხვა სექტორია ჩართული.
დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის 35% პრაქტიკულად არ მოძრაობს თუ არ ჩავთვლით სამსახურში ან სასწავლებელში გადაადგილებას. სტრატეგია ითვალისწინებს 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლის 15%-ით შემცირებას.

დოკუმენტის მიხედვითვე, საქართველოში არაგადამდები დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება მეზობელი ქვეყნების მათ შორის სომხეთის, თურქეთსა და უკრაინის მონაცემებს. ევროკავშირის სახელმწიფოებთან შედარებით კი ორჯერ მაღალია.

„18-69 წლის მოსახლეობის  არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 17,4%-ია. მოსახლეობის – 82.4% კი არ არის ჩაბმული ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობაში. ზრდასრული მოსახლეობის 9% დღეში 7.5 საათზე მეტხანს იმყოფება უმოძრაოდ, რაც სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან ასოცირდება;

18 წელზე მეტი ასაკის 66.3% საერთოდ არ ვარჯიშობს. ჯამური ეკონომიკური ტვირთი (2012 წ.) – საქართველოში უმოძრაობას უკავშირდება ყველა მიზეზით გარდაცვალების 6%-ს. 2013 წ. გამოთვლებით ეკონომიკური ზიანი არანაკლებ 20 მილიონი დოლარია,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია შემდეგი მიზნების მიღწევა: ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ორსულებში, ადრეული ასაკში და სასკოლო ასაკში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული რეკომენდაციები ორსულობის პერიოდში ნორმირებული ფიზიკური აქტივობის დედის, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის თაობაზე. ბაღის აღმზრდელთა 45% კი ამ კუთხით არაკვალიფიციურია -პერსონალის უმრავლესობას ტრენინგი არ გაუვლია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.

ამასთან, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლების დაბალი ხარისხია, ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს ინფორმაციას ფიზიკური აქტივობის გავლენის თაობაზე მოსწავლის ჯანმრთელობაზე.