"ორივე დებულება დარღვეულია"

2022-10-17 17:49:46

რუსთავის მერიის ოფიციალური საიტის, rustavi.gov.ge-ის, განახლების შემდეგ მასზე საკრებულოს შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.

ამასთან დაკავშირებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ საკრებულოს შესახებ ინფორმაციის არ განთავსებით მერიამ "მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის დებულება" დაარღვია.

""მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის დებულებაა დარღვეულია, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საზოგადოებრივი ურთიერთობათა რეგულირება და მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდისა და სოც.ქსელების ადმინისტრირება ევალება. ორივე დებულება დარღვეულია. თვითმმართველ ერთეულს მუნიციპალიტეტი ჰქვია და მუნიციპალიტეტი შეიცავს როგორც აღმასრულებელ, ასევე წარმომადგენლობითსაც. არასწორად გაგებული და ჩაკეტილობა, რაც აქვს მერიას, იგივეს აგრძელებენ. ჯერ იყო და იმ გვერდზე კომისიების შემადგენლობა ვერ დავადებინე, რომ ადამიანებს ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონოდა და ახლა ამით დაგვირგვინება, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია არის გამოყოფილი",- განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მერიასაც დაუკავშირდა, სადაც ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები