თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაღუპულის მეზობელია.
56 წლის კაცმა სასიკვდილო ჭრილობა მეზობელს ცივი იარაღით მიაყენა. დაპირისპირების დროს ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
"თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშმყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ებ მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.