სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 1 000 ლარით დაჯარიმდება.
იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
მოქმედი კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ჯარიმა დადგენილია ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის შემთხვევებზე. საკანონმდებლო ინიციატივით კი, ეზოების, ქუჩებისა და მოედნების გარდა, აღნიშნული ქმედებები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად სკვერების დაზიანების შემთხვევაშიც განისაზღვრება.
ამასთან, დაჯარიმებას დაექვემდებარა არამხოლოდ თვითნებური გადათხრა ან დაზიანება, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე მიტოვება, არამედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა და შეუსრულებლობა.