რუსთავში სოკოს საწარმო "თეთრმა ქუდმა" კომპოსტირების პროცესი მთლიანად გააჩერა. [ვიდეო/video]
ტერიტორია, სადაც კომპოსტირების პროცესი მიმდინარეობდა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" გადამღებ ჯგუფს საწარმოს დირექტორმა ალექსი ბერიძემ დაათვალიერებინა.
ტერიტორია მთლიანად დაცლილი და დასუფთავებულია. ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რუსთავიდან მოშორებით სხვა ტერიტორიის შერჩევა, სადაც კომპოსტირების პროცესი გაგრძელდება.
"ჩვენ პირობა შევასრულეთ. ხედავთ, რომ კომპოსტირება გაჩერებული გვაქვს. ჩვენი მხრიდან რუსთაველებს პრობლემა აღარ ექნებათ. მე ისედაც იმედი მქონდა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სუნი არ იყო.
ახლა რუსთაველები ნახავენ, სუნი გაგრძელდება თუ არა, თუ გაგრძელდა ამით საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს სუნი ჩვენგან არ მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე აღარ იტყვიან, რომ სოკოს საწარმოდან არის სუნი. აქ კომპოსტირება აღარ მოხდება.
ვეძებთ ადგილებს კომპოსტირების გადასატანად. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რუსთავთან ახლოს არ იქნება, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს და რამდენიმე დღეში გადავწყვეტთ.
ფინანსურ ზარალს ვიღებთ. 16 დღეა აქ აღარ გაკეთებულა და სანამ სხვაგან არ გადავიტანთ საკომპოტეს არ გაკეთდება. ჩვენ ვაპირებთ ხვალიდან კალმახა სოკოს გაკეთებას. რომელსაც მხოლოდ ნამჯა და წყალი სჭირდება.
მინიმუმ 5 თვე დასჭირდება კომპოსტირების სხვა ტერიტორიაზე გადატანას, რომ მოეწყოს ბუნკერები",- განაცხადა ალექსი ბერიძემ.
ბერიძის თქმითვე, კომპოსტირების პროცესის შეჩერების გამო საწარმოდან 10-მდე თანამშრომლის განთავისუფლება მოუხდათ.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს საწარმოში რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ და სწორედ მაშინ გაჟღერდა, რომ საწარმოში კომპოსტირების პროცესი 20 სექტემბრისთვის შეჩერდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ალექსი ბერიძემ "ინფო რუსთავთან" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ კომპოსტირების გადასატანად ალტერნატიული ადგილის მოძიება მიმდინარეობდა.