მძღოლებმა, რომელთა ავტომობილებს კატალიზატორი არ აქვთ, ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყონ, რადგან 2025 წლიდან კატალიზატორის ქონის გარეშე ავტომობილი ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის და ეს ვადა, დიდი ალბათობით, აღარ გადაიწევს.
"ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, რომ კატალიზატორი, რომლის დანიშნულება გამონაბოლქვში ტოქსიკური ნივთიერების შემცირებაა, საქართველოში ავტომობილების საკმაოდ დიდი ნაწილიდან ამოღებულია, რადგან ძვირფასი ლითონების შემადგენლობის გამო ის ბაზარზე საკმაოდ ძვირად იყიდება - მისი ფასი 200 დოლარიდან 1000 დოლარამდეა. მისი თქმით, სწორედ მაღალი ფასია ის მიზეზი, რის გამოც, იორდანიშვილის თქმით, ახალი ვალდებულება ავტომფლობელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, რადგან მათ კატალიზატორების ყიდვა და დაყენება მოუწევთ. მისივე განმარტებით, მართალია, არსებობს შედარებით იაფფასიანი ალტერნატივა – ე.წ. უნივერსალური კატალიზატორები, რომელთა ფასი საშუალოდ 300 ლარია, თუმცა ის შესაძლოა, ერთ წელიწადში მწყობრიდან გამოვიდეს.
როგორც იორდანიშვილმა ისაუბრა, ამ ეტაპზე ავტომობილის გამონაბოლქვის CO-ს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 0.6 პროცენტია, 2023-ში ეს მაჩვენებელი 0,55 იქნება, 2024 წელს კი 0,5. თუმცა, მისივე თქმით, ეს მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა არ იქნება, რადგან ავტომობილის გამართვის შემთხვევაში გამონაბოლქვის დონის შემცირება და ტექდათვალიერების გავლა შესაძლებელია. კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება კი ამ მხრივ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან ის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ვაჟა იორდანიშვილი ასევე აცხადებს, რომ მართალია, ცვლილება მტკივნეულია, მაგრამ მისი განხორციელება აუცილებელია ისევე, როგორც აუცილებელი იყო ტექინსპექტირების ვალდებულების შემოღება, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ავტოპარკის გამართვისა და განახლების კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა. ამასთან, იორდანიშვილი მთავარ გამოწვევად კანონის აღსრულებას ასახელებს, რომლის გარეშეც ნებისმიერი რეგულაციის გამკაცრებას აზრი ეკარგება.
კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. ამ ეტაპზე მოქმედი კანონით, კატალიზატორის არსებობა ტექდათვალიერების გავლისთვის აუცილებელია იმ მანქანებისთვის, რომლებიც 2020 წლის შემდეგაა განბაჟებული.
ცნობისთვის: ავტომობილებისთვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდა.