2026-03-03 12:55:58
2 მარტს ათენის აეროპორტში ბერძენმა სამართალდამცავებმა საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.
ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. სუდას ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ობიექტები. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.
ოფიციალური პირების ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ციფრული მტკიცებულებების შესწავლა.
წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ დაკავებული ქართველის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.
მამაკაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.
ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანის მოქალაქე, დააკავა, რომელიც ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთ კრეტაზე მდებარე სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ბაზის სიახლოვეს ცხოვრობდა. ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა შაბათს ირანზე დარტყმები განახორციელეს. ხელისუფლება იძიებს, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.