მიწის ნაკვეთების დაუფლება თაღლითურად

2022-09-10 11:39:30

საქართველოს პროკურატურამ დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 3 ფაქტი გამოავლინა და 5 პირს, მათ შორის 1 საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლის ყალბი ტექნიკური პასპორტის გამოყენებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის მიერ არაჯეროვნად შედგენილი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში მდებარე 95 000 ლარის ღირებულების სამ მიწის ნაკვეთს. შედეგად, სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის შეძენა-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საჯარო მოხელეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.