რუსთავში შარტავას მოედნიდან მე-20 მიკრორაიონის პირველ კორპუსამდე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კოსტავას გამზირზე არსებულ შადრევანს და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
"რუსთავში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. ერთ-ერთია შარტავას მოედნიდან მე-20 მიკრორაიონის პირველ კორპუსამდე საზოგადოებრივი სივრცე, რომლის მოწყობასაც მოსახლეობა ითხოვდა.
აღნიშნული პროექტი ნახევარ მილიონ ლარამდე ჯდება და ძალიან მოკლე ვადაში დასრულდება, კიდევ ერთი ლამაზი სივრცე დაემატება ჩვენს ქალაქს. ასევე უახლოეს მომავალში დასრულდება პროექტი მერაბ კოსტავას გამზირზე, რომელიც შადრევნის რეაბილიტაციასა და მიმდებარე სივრცის მოწყობას გულისხმობს.
ამ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს რუსთავსერვის ცენტრის ძალებით და ვცდილობთ, რომ პროექტები, რომლებიც შეიძლება ტენდერით შევისყიდოთ, ასევე მუნიციპალიტეტმა მისი რესურსით დაიწყოს გარკვეული ტერიტორიების აღდგენა/რეაბილიტაცია",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.