ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განცხადებით, პირველი აგვისტოდან, ყველა სახელმწიფო კლინიკაში ამოქმედდა სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ანაზღაურების სისტემა, 19 ამბულატორიაში კი ხელფასები გაიზარდა.
მინისტრმა აზარაშვილმა განაცხადა, რომ 2 თვეა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქმედებს მინიმალური სახელფასო ანაზღაურების სისტემა სამედიცინო პერსონალისთვის, რამაც მათი ხელფასი გაზარდა.
კერძოდ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, მინიმალური ანაზღაურება შემდეგია:
ექიმი — საათში 9 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია.
უმცროსი ექიმი — საათში 6 ლარია, თვეში კი — 1 080 ლარი
ექთანი — საათში — 5.75 ლარი, თვიურად —1035 ლარი
ექთნის დამხმარე — საათში 3 ლარია, თვეში — 540 ლარი.
სანიტარი — საათში 2.80 ლარი, შესაბამისად, ყოველთვიურად — 504 ლარი.
"იგივე, მინიმალური ანაზღაურების სისტემის გავრცობა მოხდა დღეიდან უკვე ჩვენს მართვაში არსებულ სხვა კლინიკებში“, – განაცხადა მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველი აგვისტოდანვე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მართვაში მყოფ 17 ამბულატორიაში დასაქმებულებს, – 1000 ადამიანს, – „მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღარურებები“.
"საშუალო ანაზღაურება ამ 1000 ადამიანს შეეხება და არის 50%-იანი, მაგრამ ცალკე აღებული, სხვადასხვაა. ექთნების შემთხვევაში ეს არის 100% და ისინი დღეიდან მიიღებენ ამ გაზრდილ ანაზღაურებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
"ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრია დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს“, – განაცხადა მან.
მისი განცხადებით, კერძო კლინიკებში, „დაბალ რგოლებში“ დასაქმებულებს უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ და მოუწოდა მათ, ანაზღაურება გაზარდონ.
მანამდე, 2022 წლის ივლისში, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს“.