"იძულებულები ვართ, რომ შევაჩეროთ ფრენები"

2022-07-30 14:33:44

გუდაურში 29 ივლის მომხდარი ტრაგედიის გამო, შს მინისტრის თქმით, რეგულაციების გამკაცრებამდე, პარაპლანით ფრენა შეჩერდება.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ფრენები შეჩერდა რუსთავში იაღლუჯის მთიდანაც, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველმა პარაგლაიდინგის პილოტმა, გიორგი გედამინსკმა განუცხადა.

"გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეაჩერონ ფრენები. შესაბამისად იძულებულები ვართ, რომ შევაჩეროთ ფრენები. პირველ რიგში, როდესაც ასეთი უბედური შემთხვევები ხდება, ისედაც ვჩერდებით რაღაც პერიოდი, კოლეგის პატივისცემის ნიშნად. მეორე რიგში კი ჩერდება მინისტრის ბრძანებით და ჩვენც რუსთავში ვეღარ ვიფრენთ.

მოყვარულები ტანდემში არ დაფრინავენ, მითუმეტეს ისეთ რთულ ლოკაციებზე, როგორიცაა გუდაური. ვერცერთ მოყვარულს ვერ ნახავთ გუდაურში, მესტიაში და ვერც სხვა ადგილას, რომელიც ოდნავაც კი რთული საფრენია, რადგან ყველას გააზრებული გვაქვს, სიცოცხლეს ეხება საქმე.

გუდაურში ვერცერთი პილოტი ვერ იფრენს, თუ ის არ არის გამოცდილი. ბიჭები ყოველდღიურად ვარჯიშობენ, ის ლოკაცია იციან ზეპირად. იქ ვინც მუშაობს არ ჩერდებიან, სულ ვარჯიშობენ.

საქართველოში ოფიციალური ლიცენზია არ გვაქვს, შეგიძლია სერტიფიკატი აიღო ნებისმიერი ააიპიდან. მაგალითად საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციაში.

რუსთავი საფრენად მარტივი ლოკაციაა, არის მთა და კლდეს არ დაეჯახები. ვიტყოდი, რომ რუსთავი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ლოკაციაა ასაფრენად, დასაჯდომად. რაც შეეხება იმას, რომ რუსთავში ვინ იფრენს, ის გუდაურშიც იფრენს, ასე არაა. ნებისმიერ ახალ ლანდშაფტზე გამოცდილება გინდა, რადგან მთის ნაკადები და ბარის ნაკადები საერთოდ სხვაა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გიორგი გედამინსკმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები