როგორია გუდაურში ერთადერთი გადარჩენილის მდგომარეობა

2022-07-30 13:06:10

გუდაურში ტრაგედიის დროს პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურტელაძემ განაცხადა.

მედიკოსების შეფასებით, კვლევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, პარაპლანის ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლალი ტურტელაძის თქმით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ჰქონდა მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები მთელი სხეულის არეში, ასევე თავის ტვინის შერყევა.

"ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევა და ყველა საჭირო ქირურგიული ღონისძიება. ამჟამად წევს ქირურგიულ განყოფილებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ლალი ტურტელაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე, ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გიორგი ვენეც­კი.

ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ინსტრუქტორი კლინიკაში გადაიყვანეს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული