2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება.
პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური განმარტავს, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
"თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული.
ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.
როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.