რუსთავში, "დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში" პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივით "ქალთა გაძლიერების პლატფორმის" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება და მისი მიზანი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდაა.
"ჩვენ, პარტია საქართველოსთვის, დავიწყეთ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო წამოწყება, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიის მხარდამჭერი ქალებისთვის და არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ქალებისთვისაც. შევქმენით ქალთა გაძლიერების პლატფორმა და ამ პლატფორმის ფარგლებში ვგეგმავთ შეხვედრებს. გუშინ პირველი შეხვედრა გაიმართა შიდა ქართლში, დღეს ქვემო ქართლში და ასე გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში. მიზანი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდაა.
გვინდა, რაც შეიძლება მეტი საინტერესო, კვალიფიციური, გამოცდილი ქალი და არამარტო დავაინტერესოთ პოლიტიკით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არა პარტია საქართველოსთვის საქმიანობით, არამედ ზოგადად პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდას შევუწყოთ ხელი. ასევე ხელი შევუწყოთ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რადგან სოციალური ცხოვრების ბევრ სფეროში ქალებს ექმნებათ პრობლემები და ბევრი ბარიერი, ზოგჯერ დისკრიმინაციული მიდგომებით გამოწვეული და ზოგჯერ სხვადასხვა ფაქტორებით.
გვინდა, ჩვენი შესაძლებლობით, მათ შორის საექსპერტო შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან ძალიან ბევრი გამოცდილი ექსპერტი გვყავს გუნდში დავეხმაროთ ამ ადამიანებს ბარიერების გადალახვაში, ავამაღლოთ ცნობიერება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე განსაკუთრებული აქცენტით და ძალიან ბევრი მიმართულებით საქართველოს მასშტაბით ამ ქალბატონებთან ვითანამშრომლოთ. რაც მთავარია, ფართოდ გავხსნათ კარი ყველა იმ ქალისთვის, რომლებსაც ინტერესი აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის",- განაცხადა მეზვრიშვილმა.
რუსთავში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა ქალებმა მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდა რუსთავის საკრებულოს წევრი ნათია შელეგიაც. მეზვრიშვილის თქმით, ისეთი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას აპირებენ, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ქალების დაკავშირება მოხდება.