რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ზეწოლაზე საუბრობს [video]

2022-07-27 21:52:27

რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, მასზე  და აპარატის სხვა თანამშრომლებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.

ამის შესახებ მან მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-10 სხდომაზე განაცხადა. ძამაშვილის განცხადებით, მას აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება და სხვა თანამდებობაზე ხელშეკრულებით გადასვლა მოსთხოვეს.

არჩილ ძამაშვილი ზეწოლად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც აპარატის ხელმძღვანელს სამსახურებრივი ავტომობილი და საწვავი ჩამოერთვა.

საკრებულოს აპარატში დასაქმებულებზე ზეწოლაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემაც. მისი თქმით,ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუშვას სახლში და საკრებულოს აპარატში მათი პოლიტიკური თანამოაზრეები დაასაქმოს.

"ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ გამოგვაქვს გარეთ. ორიენტირებულები ვართ ქალაქის განვითარებაზე და რასაც მოსახლეობს დავპირდით ბოლო სიტყვამდე შევასრულოთ ჩვენი გუნდის 4 წლიანი ვადის პერიოდში. ამაზე ვარ ორიენტირებული, არ ვცდილობთ მათ დონემდე დავიდეთ და გარკვეულ იაფფასიან რაღაცებზე გავყვეთ, რასაც აკეთებენ. რაც შეეხება, საკრებულოს აპარატზე ზეწოლას, მაქვს მსგავსი ინფორმაცია და ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუშვან სახლში და საკრებულოს აპარატში დაასაქმონ მათი პოლიტიკური თანამოაზრეები და არა ისინი, ვისაც ქალაქი უყვარს, ან ისინი, ვინც ეუბნება მათ, რომ რეგლამენტის დარღვევით ხდება ძალიან ბევრი სხდომის ჩატარება, რომ კანონი არ გულისხმობს იმას, რასაც ავალებენ. უნდათ ის, რომ საკრებულოში იყვნენ თავისუფლად",- განაცხადა ლაცაბიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას თქმით კი, აპარატში დასაქმებულ პირებზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება.

"საკრებულოს აპარატში 44-მდე ადამიანი მუშაობს. სამსახური დაახლოებით 8-მდე თანამშრომელმა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. პრობლემა არის ის, რომ ანაზღაურება არის დაბალი და ეს ადამიანები ამ ანაზღაურებას ვერ მოერგნენ, რის გამოც დატოვეს სამსახურები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკრებულოს აპარატში არიან დასაქმებულები, რანგში ავწიოთ. ამ ეტაპზე სამ საშტატო ერთეულზე გვაქვს ვაკანსია, სადაც არსებული ხელფასის გამო ვერ ვიღებთ.

არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. აპარატის განყოფილების უფროსთან და მის თანამშრომლებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. მათი ნაწილი თავის ფუნქცია-მოვალეობებს დადებითად ასრულებს, ნაწილს კი აქვს პრობლემები, მაგრამ, ვთვლი, რომ სამსახურებრივად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ხელს არ უშლის საკრებულოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

შემდგომში საკრებულოს აპარატი, მინდა, ის დაკომპლექტდეს, რომ ვისზეც გარკვეული ტვირთია, ამ ადამიანების ანაზღაურება იყოს შესაბამისი. აპარატის უფროსი ასრულებს თავის ფუნქციას და კიდევ შეასრულებს, სანამ ის შეძლებს ნორმალურად. პრობლემა შექმნა საწვავთან დაკავშირებულმა საკითხმა, მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღე რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან შესაბამისობაში მომეყვანა. ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემები, ვფიქრობ, ეს დროებითია და გამოსწორდება, საკრებულოსა და მის განყოფილებებს მუშაობაში ხელი არ შეეშლებათ",- აცხადებს შეროზია.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები